გრეგორი კოლბერტი – (Gregory Colbert) 1960 წელს დაიბადა კანადაში, ტორონტოში. მის კარიერას დასაბამი 1983 წელს მიეცა პარიზში, სადაც თანამედროვე საზოგადოების სოციალური პრობლემების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ქუჩის გადაღებების შემდეგ ფოტოგრაფიამ მოხიბლა და 1992 წელს უკვე პირველი გამოფენაც ჰქონდა შვეიცარიაში. მომდევნო ათი წელიწადი კოლბერტის ნამუშევრები არსად გამოფენილა. არც მისი ფილმები უჩვენებიათ. ამ პერიოდის განმავლობაში იმოგზაურა ბირმაში, შრი-ლანკაზე, ეგვიპტეში, დომინიკის რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, კენიაში, ტონგაში, ნამიბიასა და ანტარქტიდაზეც კი. 1992 წლიდან მოყოლებული, 40-ზე მეტ ექსპედიციაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მთელი ეს ხანი იღებდა ადამიანებსა და ცხოველებს, მათ ამაღელვებელ და ზოგჯერ ძალიან რთულ ურთიერთობებს. სპილოები, ვეშაპები, წმინდა იბისები, წეროები, სამეფო არწივები, შევარდნები, მარტორქები, გეპარდები, ლეოპარდები, აფრიკული გარეული ძაღლები, სიასამურები, ბაბუინები, ანტილოპები, ორანგუტანები, ნიანგები _ ეს ჯერ კიდევ არასრული ჩამონათვალია. 2002 წელს გრეგორი კოლბერტმა საზოგადოებას თავისი მოღვაწეობის ერთგვარი კულმინაცია, პროექტი “ფერფლი და თოვლი” (“ashes and snow”) წარუდგინა. პროექტი ცხოველთა სამყაროს უფლებებისადმი პოეტური მგრძნობელობით არის შესრულებული. ცხოველები წარმოდგენილნი არიან, როგორც ადამიანთა საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, წაშლილია ყოველგვარი ბარიერი მათსა და ადამიანებს შორის. პროექტი, გარდა ფოტოებისა, მოიცავს 60 წუთიან ფილმ ნოველას ეპისტოლარულ ჟანრში. ავტორის თქმით, ფოტოები კომპიუტერულად არ დამუშავებულა. მათი მოცულობაა 3,5 x 2,5 მეტრი. ფოტოებზე ნიშნებს ვერ იპოვით, რითაც ავტორი წარმოსახვის საშუალებას გიტოვებთ.
პროექტი გადაღებულია ფირზე, ფილტრების საშუალებით, გამჟღავნების მეთოდი საიდუმლოდ რჩება. გამოყენებულ იქნა იაპონური ხელით დამზადებული ბრინჯის ქაღალდი, ე.წ. encoustic მეთოდის გამოყენებით.ისიც მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროქტი სტაბილურად რომელიმე ადგილას გამოფენილი არ არის. ავტორი მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და თან თავის ნამუშევრებსაც ატარებს. პროექტს თანდათან ემატება ახალი ცხოველები და ახალი ქალაქები. იქნება ეს ვენეცია თუ ნიუ-იორკი, სანტა-მონიკა თუ კალიფორნია, ტოკიო თუ მეხიკო.სიტყვები ზედმეტია, ეს საოცარი, ნათელი, ემოციური და სიცოცხლით აღსავსე კადრები სათქმელს თავად გეტყვიან. თავად კოლბერტი კი ცხოველებს ბუნების ცოცხალ შედევრებად მოიხსენიებს.
მასალა მოამზადა: თორნიკე თოდუამ
წყაროები: http://dudana.kvirispalitra.ge და http://leonsio.ge/gregory-colbert/